გუდაურული ჩანაწერები

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს კიდევ ერთი ახალი და საინტერესო პროექტი შეემატა „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, რომელსაც ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია People In Need . ექვსი თვის განმავლობაში ტრენინგებს გვიტარებდნენ ფასილიტატორები: ნანი მოსიძე და მედეა თორია. ტრენინგების დასრულების შემდეგ, სამი ახალგაზრდა, მე, ლიზა ქავთარაძე და ხატია წყაროზია, გუდაურში გავემგზავრეთ პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში. წარმოდგენილი ტრენინგი, რომელსაც ჩვენ ვესწრებოდით, განკუთვნილი იყო საქართველოს ოთხი რეგიონის (სამეგრელო, იმერეთი, ჯავახეთი და ქვემო ქართლი) ახალგაზრდა ლიდერებისთვის.

რვა ივლისს, გუდაურში ერთად გავემგზავრეთ ახალგაზრდები ზუგდიდიდან, ჯვარიდან და ხობიდან. დაახლოებით ორ საათზე დანიშნულების ადგილზე, სასტუმრო „მარკო პოლოში“ და საკონფერნციო დარბაზში ვიყავით. მოვისმინეთ PIN-ის პროგრამების მენეჯერის, თინათინ ჯაფარიძის, PIN-ის კონსორციუმის მენეჯერის, გიორგი ჯანგიანის და მედიაწიგნიერების პროექტის მენეჯერის ანა ქოჩუას მისასალმებელი სიტყვები.

შემდეგ კი,  საინტერესო მომენტი დადგა, ერთმანეთის გაცნობის ეტაპი. ჩვენთან ერთად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებიც იყვნენ. ძალიან მაინტერესებდა მათი აზრები, შეხედულებები და გამიხარდა, რომ მათი გაცნობის საშუალება მომეცა. მონაწილეები ძალიან თბილები და მეგობრულები იყვნენ, რამაც კარგი ატმოსფერო შექმნა და ჩვენც სწრაფად დაგვაახლოვა ერთმანეთთან.

პირველ ტრენინგს მანანა ქველიაშვილი გაუძღვა. ის მედია პროდუქტების წარმოებას შეეხებოდა. ჩვენივე ტელეფონებით ჩავწერეთ ინტერვიუები და გადავიღეთ ვიდეოები, რაც დარწმუნებული ვარ, ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში ძალიან გამომადგება.

ვახშმის შემდეგ ძალიან კარგი თამაში “კობო” ვითამაშეთ, სადაც ბევრი სახალისო დავალება იყო გაერთიანებული. ჯერ ერთად ვიმღერეთ „ჟუჟუნა წვიმა“, შემდეგ საკმაოდ  ვირბინეთ, რომ მოგვეძებნა ადამიანი, ვინც მოგვცემდა ინტერვიუს სამაგიდო თამაშების შესახებ. „მაკარენაც“ კი ვიცეკვეთ და სასაცილო ფოტებიც გადავიღეთ. ამ ფოტოებისა და ვიდეოების ნახვის შემდეგ ყველამ ვიხალისეთ.
საღამოს ყველამ ერთად ვითამაშეთ ბილიარდი და ბოულინგი. ჩვენთან ერთად გიორგი ჯანგიანი იყო და გვეხმარებოდა.  ვისიამოვნეთ და თანაც ძალიან დავიღალეთ, თუმცა, თურმე, ნამდვილი დაღლა წინ გველოდა…

ცხრა ივლისს, დილაადრიან გავიღვიძეთ და საუზმის შემდეგ ჩვენი ინტერვიუები განვიხილეთ. რეკომენდაციების გაცემის შემდეგ კი ახალი ტრენინგი დაიწყო, რომელსაც ძალიან ენერგიული ტრენერი, მარიამ ქობალია უძღვებოდა.
შევასრულეთ სახალისო აქტივობა და ასოების ლაბირინთში სიტყვები ვიპოვეთ. რამდენიმე „ქარიშხლის“ შემდეგ კი ტრენინგი დაიწყო. ტერმინები, რომლებიც თავიდან რთულად მოგვეჩვენა, მარიამმა იმდენად გაგვიმარტივა, რომ იმდღესვე შევძელით საკუთარი პროექტებისთვის პრობლემების რუკის შედგენა. ჯგუფური თამაშიც ვითამაშეთ, სადაც მთავარი სტრატეგიის დასახვა იყო და ვფიქრობ, ოცდაათივე ახალგაზრდამ, ერთიანი ჯგუფი შევკარით და ჩვენი თამაში წარმატებულად დავასრულეთ. დისკუსიის, თეორიული მასალების და პრაქტიკულიი მუშაობის შემდეგ შევისვენეთ. საღამოს ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმს „ბრისტოლის ველოსიპედების პროექტი“ ერქვა და სამოქალაქო აქტივიზმს შეეხებოდა. ვნახეთ ორი ემიგრანტის ისტორია, რომლებმაც თავიანთ სამშობლოებში (ავღანეთსა და სომალიში) ბევრი ცუდი რამ გადაიტანეს და ამის გამო იძულებულნი გახდნენ დიდ ბრიტანეთში წასულიყვნენ. ფილმმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფილმის ნახვის შემდეგ, სერთიფიკატებით დაგვაჯილდოვეს და „ტორტი ფართიზე” მიგვიწვიეს.

გუდაურში ყოფნის ბოლო დღეც დატვირთული იყო. ჩვენი პროექტები დავწერეთ. განვსაზღვრეთ მიზნები, ამოცანები და პრობლემების გადასაჭრელად აქტივობებიც მოვიფიქრეთ. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა.

აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ერთი პატარა გოგონა, სალომე. სალომე პროექტის მენეჯერის, ანას შვილია და ყველა მონაწილეს დაგვამახსოვრა თავი. უამრავი ფოტო გადაგვიღო, ჩვენთან ერთად თამაშობდა და ხელის გადაწევის კონკურსიც კი მოაწყო. იმდენად მალე შეგვაყვარა თავი, რომ მისი აქ არაღნიშვნა დანაშაულის ტოლფასია.

ახლა, ამ ყველაფერს, შთაბეჭდილებებით სავსე ვწერ და ბევრი ისეთი შეგრძნება მაქვს ერთად, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ბედნიერი ვარ რომ მომეცა ამ პროექტში მონაწილეობის და ახალი ნაცნობობის საშუალება. თუმცა ყველაფერი აქ არ სრულდება. მალე, კიდევ ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ ეს უკვე  მომავლის ისტორიაა…

სალომე ნარმანია,  „სარკმელი“
ქ. ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე