მონატრება და onlineსიჩუმე

მოგესალმებით!

მე ვარ სალომე ნარმანია, “სარკმელელი” და ძალიან აქტიური ადამიანი. მიყვარს საუბარი, კითხვების დასმა, განსაკუთრებით “სარკმელში”, მაგრამ თურმე არსებობს რაღაც ძალები, რაც მაჩერებს…

“კორონამ” შეაშინა საზოგადოება და კარები ჩაგვიკეტა, მაგრამ “სარკმელი” რისი “სარკმელია”, თუ ასეთ დროს გაჩერდა? რა თქმა უნდა, არ გავჩერდით, არ შევუშინდით კორონას. პირიქით, კორონას „ჯინაზე“ მეტად გავისარჯეთ, ვიმუშავეთ, online მედიასახელოსნო გავხსენით, სტატიების წერა დავიწყეთ  ჩვენი ვებგვერდისთვის და ბოლოს Skypeსაც მივადექით, რომ დისტანციურად, მაგრამ ერთობლივად, გვემუშავა.

“სარკმელში” თითქოს სხვანაირი ჰაერია, შეხვალ თუ არა “გულების ოთახში”, მოსიყვარულე ადამიანად იქცევი… online გაკვეთილები კი, სულ სხვაა.

ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი და როდესაც ბავშვები და ნანი მასწავლებელი მონიტორზე გამოჩდნენ, ლამის დავწყევლე “კორონა” იმისთვის, რომ დაგვაშორა ერთმანეთს (საბედნიეროდ, მხოლოდ ფიზიკურად). “კორონას” ეგონა დაგვაშინებდა, ჩვენს საქმიანობაზე ხელს აგვაღებინებდა… ეგონოს, ეგონოს…

ალბათ დაინტერესდებით ჩვენი online გაკვეთილით.

17 მარტი, სამშაბათი. 15:55 სთ:  ბავშვები მოუთმენლად ველოდებით ზარს, რომელიც ხუთ წუთში Skype-ს მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ეს პირველი გაკვეთილია ამ ფორმატში და ცოტათი ვღელავთ. ბოლოს, ჩათში, ვწერთ, რომ მზად ვართ და 16:00 საათზე გაკვეთილი იწყება.

ეჰ, მონატრება, მონატრება…

დაახლოებით 5 წუთს და კიდევ მეტს ვანდომებთ  ტექნიკური საკითხების დალაგებას.

საუბარს ყურსასმენების თანხლებით ვიწყებთ, თუმცა, ამან საქმე გააუარესა და გვიწევს მათი მოხსნა. სამწუხაროდ, გაკვეთილს ყველა მოსწავლე არ ესწრება ტექნიკური პრობლემის გამო. გიორგი ლუკავა, ჩვენი ტექნიკური მენეჯერი, ცდილობს, თან გაკვეთილს უსმინოს და თან დაეხმაროს სხვებს გაკვეთილზე დასწრებაში.

საუბარი კორონავირუსით ვიწყებთ. ვხედავთ, რომ ჩვენს ვიდეოზარს, ფონად სდევს გაკვეთილზე ვერდასწრებული “სარკმელელების” „წუწუნი“ ჯგუფის ჩათში,  მათაც უნდათ გაკვეთილზე ყოფნა. ჩვენ კი, ვინც გაკვეთილს ვესწრებით, ვამბობთ, რომ ერთმანეთის კარგად არ გვესმის, ან ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ნანი მასწავლებელი ჩვენი ნამუშევრების შესახებ საუბრობს. გვაძლევს რეკომენდაციებს და რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენთ მოსწავლეები. მას სურს რომ “სარკმელელებმა” კრეატიული ნაშრომები წარმოვადგინოთ. ისინი ერთფეროვანი არ უნდა იყოს. იდეა იდეაზე მოდის. “სარკმელის” შიდა სამზარეულოში რამდენიმე „კერძი“  ერთად თუხთუხებს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვერ დავასახელებ საჯაროდ, თუმცა გაგიმხელთ, რომ  ძალიან საინტერესო შეხვედრა იგეგმება და “სარკმელელებისგან” უმაგრეს მასალებს უნდა ელოდოთ. ამ წუთას კი, ერთი სტატიის იდეაც წარმოიშვა, რომელიც რაგბიში online გაკვეთილს ეხება. საუბარს, დროდადრო, თან სდევს, ტექნიკური გაუმართაობის გამო ღიმილნარევი შეკითხვა: “შენ რომელი ხარ?”

გაკვეთილი, რომელიც  “კორონაზე” საუბრით დაიწყო, “კორონაზე” საუბრით სრულდება. ნანი მასწავლებელი რეკომენდაციებს გვაძლევს. მისი თქმით, ერთმანეთი არ უნდა გადავკოცნოთ და ვეცადოთ სახეს არ შევეხოთ. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ვემშვიდობებით და ნელნელა  მონიტორიდან ჩვენი სახეებიც ქრება.

ტელეფონი დავდე ცოტათი გაოცებულმა.

მე ვარ სალომე ნარმანია, “სარკმელელი” და ძალიან აქტიური ადამიანი. მიყვარს საუბარი, კითხვების დასმა, განსაკუთრებით “სარკმელში”, მაგრამ თურმე, არსებობს რაღაც ძალები რაც მაჩერებს… onlineგაკვეთილზე ისეთი ჩუმი და არააქტიური ვიყავი, რომ ორი წინადადებაც არ მითქვამს, არც კითხვა დამისვამს… ერთი სქრინშოთი გადავიღე, ისიც საცოდავი…

სალომე ნარმანია,

მე-2 საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

ციკლიდან: online მედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *