ნანა საჯაია – ცხოვრებაში მთავარია არ გაჩერდე! არც თქვენ გაჩერდეთ!

დღეს სასახლეში Fox news-ის პოლიტიკის პროდიუსერი, ჟურნალისტი, ნანა საჯაია გვეწვია. ქალბატონი ნანა ჯერ “სარკმელის” ნიუსრუმს ესტუმრა,- მოისმინა ჩვენი ჟურნალის ისტორია,  ნომრები დაათვალიერა, ჩვენს ტრადიციას შეუერთდა და კედელზე სამახსოვრო ფრაზა დაგვიტოვა, შემდეგ კი, სასახლის დარბაზში ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გაგვესაუბრა და თავისი გამოცდილების შესახებ მოგვიყვა.

ამბობს, რომ თავიდან ჟურნალისტობაზე არ უფიქრია. დარწმუნებული მხოლოდ იმაში იყო, რომ სწავლა საზღვარგარეთ უნდა გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ, უცხო ენის სწავლა გადაწყვიტა. აზრი შეიცვალა მაშინ, როცა ამერიკელი ჟურნალისტისთვის თარჯიმნობა მოუწია. სწორედ მაშინ ჰქონდა პირველი შეხება ჟურნალისტიკასთან. ამის შემდეგ იყო „ჯიპას“ კურსები. ამბობს, რომ მაშინ არანაირი განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონია, თუმცა მოახერხა გასაუბრებაზე დაერწმუნებინა იმ დროის ტელევარსკვლავები, შანსი მიეცათ მისთვის გამხდარიყო ჟურნალისტი.  “მთავარი მორალი რაც არის, თუ თქვენ არ იცით დღეს ვინ უნდა გამოხვიდეთ, ამაზე დიდად არ ინერვიულოთ. მე რეალურად ჟურნალისტობა გადავწყვიტე როცა ვიყავი 21 წლის.”

ერთი წლით ამერიკაში, გაყინულ ჩრდილოეთ დაკოტაში გაემგზავრა. “ფარგოზე არაფერი ვიცოდი. იქ წელიწადში ექვსი თვე თოვდა და საინტერესოც არაფერი ხდებოდა. სახლის გარდა მხოლოდ სურსათისა მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში დავდიოდი. გასართობი ადგილები არ იყო და ეს ჩემთვის კარგი აღმოჩნდა.” ერთი წლის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა. აქ ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ მედიაში.

 

შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. “თავიდან როცა წავედი ვფიქრობდი: ახლა ერთწლიანი პროექტი მაქვს. წავალ, ვნახავ რა გამომივა და ამის შემდეგ გადაწყდება, მე აქ დავრჩები თუ დავბრუნდები. ახლა უკვე შვიდი წელია რაც მე ამერიკაში ვცხოვრობ.”

ქალბატონმა ნანამ გვაჩვენა თავისი რეპორტაჟები, ფოტოები. თან ყოველი მათგანის ისტორიაზე გვესაუბრებოდა და გვიყვებოდა როგორ იზრდებოდა  როგორც ჟურნალისტი. Fox news-ზე ორი წელია  მუშაობს. რვა თვის განმავლობაში უამრავი აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ მოხვდა იქ. თავიდან ერთი გადაცემის პროდიუსერი იყო, ახლა ოთხ გადაცემაზე მუშაობს. კითხვაზე, როგორია მისი, როგორც ჟურნალისტის ერთი დღე, გვიპასუხა რომ ის არასდროსაა ისეთი, როგორიც გუშინ იყო და მისი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ გადაცემაზე მუშაობს.

ნანა საჯაიამ „სარკმელის“ კედლებზე ასეთი წარწერა დაგვიტოვა: “ცხოვრებაში მთავარია არ გაჩერდე! არც თქვენ გაჩერდეთ!”

სალომე ნარმანია, „სარკმელი“

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *