“სადღეგრძელო” კარალინა წითაშვილისგან

  • ფრთები გაშალეთ “სარკმელელებო” და არა მარტო “სარკმელელებო”…

საკმაოდ უცნაური ადამიანი ვარ. იშვიათად თუ მაოცებს რაიმე… მახსოვს, პირველი მისვლა “სარკმელში”. საკმაოდ აჟიტირებული ვიყავი, ვიცოდი, სად მივდიოდი, თუმცა წარმოდგენაც კი არ შემეძლო იმისა, რომ იქ ასეთი გარემო დამხვდებოდა.
“სარკმელმა” სრულიად “ჩამყლაპა”, ჰაერიც კი, სულ სხვანაირი იყო იმ “შესაშფოთებელ” ოთახში, სადაც თითოეული კედლის კუთხე სუნთქავს “სარკმელელების” წარწერებით, დატოვებული იმედებით, ნაშრომებით.

გქონიათ ოდესმე ისეთი შეგრძნება, თითქოს, ერთი, უბრალო კარის შეღების დროს, სრულიად სხვა განზომილებაში ხვდებოდეთ? მის ოთახში მყოფს, მისივე კედლები გითრევენ სადღაც ღრმად, სხვა წარმოსახვით სამყაროში! “სარკმელმა”, პირდაპირ იმ სულში ჩამხედა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მძიმე ბოქლომით მქონდა დაკეტილი. ზურგი მეწვოდა და სუნთქვაც მიჭირდა. ხოლო როცა მისი ოჯახის წევრი გავხდი, მივხვდი, რომ უბრალო ადამიანს ზურგზე “ფრთები” მეზრდებოდა, ვხვდებოდი, რომ “სარკმელის” კარების მიღმა, უბრალოდ ფერმკრთალი ოთახი კი არა, უკიდეგანო, დაუმორჩილებელი, უსაზღვრო ცა მელოდებოდა. “სარკმელში” გავიზარდე, დავიხვეწე და განვვითარდი. ეს გარემო არა მარტო სწვდება ჩვენს დამარხულ, ჩვენთვისვე უაზრო ფანტაზიებს, არამედ აფერადებს მათ, გვწვრთნის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. –არ არსებობს ყოფილი “სარკმელელი,”– ხშირად მოგვმართავს ხოლმე ქალბატონი ნანი მოსიძე. მართალიცაა, როგორც კი მოხვდებით ამ გარემოში, გაშალეთ ფრთები და გაინავარდეთ მის “სულისშემკვრელ თავისუფლებაში”. დამერწმუნეთ, “სარკმელი” ერთი თვალის მოკვრით გიპყრობთ და მას, არა როგორც ვალდებულებად, არამედ როგორც ერთ ოჯახს შეხედავთ, რომელშიც საკმაოდ დიდი გამოცდა გელოდებათ, მისივე თვალისმომჭრელი დავალებებით და გასვლებით. “სარკმელში” შეგეძლებათ თქვენი ნიჭი გამოავლინოთ, გაეცნოთ პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ დაგაკვალიანონ და ნათლად გაგაცნონ მათი პროფესია და მისგან წარმოქმნილი სხვადასხვა შეგრძნება. ასევე შეძლებთ გაიკვალოთ გზა იმ პროფესისკენ, რომელსაც უდავოდ სჭირდებით. “სარკმელს” არაერთი ახალგაზრდა ქართველი გაუზრდია, ისინი საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას, თავისი ქვეყნის სასარგებლოდ, ახორციელებენ ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ.
რაც შეეხება ჩვენი ჟურნალის იმ ნომერს, რომელსაც ახლა ფურცლავთ, საკმაოდ გადატვირთული და მრავალფეროვანი გახლავთ. ნომრიდან ნომრამდე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, იმდენი პროექტი აქვს, მარტო ამ აქტივობების სახელწოდებები რომ ჩამოთვალო, ისიც კი “დაგანაყრებს”. “ნორჩი მკვლევარი”, “ფენმარათონი”, “მედიაფესტივალი”, ინტელექტუალური თამაშები: “რა? სად? როდის?”, “ყველაზე ჭკვიანი”. თეატრალების, მომღერლების, მოცეკვავეების წარმატებები. ჟურნალს ფურცლავ და გრძნობ, როგორ სჩქეფს სიცოცხლე ჩვენს სასახლეში, როგორი თაობა ეზრდება ჩვენს ქალაქს. 2020 წლის პროექტები უფრო და უფრო დახუნძლული და შინაარსიანი იქნება. ასე, რომ ეს “სადღეგრძელო” და ეს ჟურნალი, ჩემო მკითხველო, დაე, გახდეს თქვენთვის წარმატების, პროფესიონალიზმის, წინსვლის დამბედებელი.
“ფრთები გაშალეთ “სარკმელელებო” და არა მარტო “სარკმელელებო”…
კარალინა წითაშვილი,

“სარკმელის” ნომრის რედაქტორი, მე–3 საჯარო სკოლა, მე–11 კლასი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *