წარმატების საიდუმლო კონსტანტინე კაკავასგან

  • ერთ მშვენიერ დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას, თერთმეტი “სარკმელელი” ჟურნალისტი დავადექით თავზე სამუშაო ოთახში. ძალიან “ბოროტად” ვისარგებლეთ მისი სტუმართმოყვარეობით და შეკითხვები შეკითხვებს “ნამდვილი ჟურნალისტებივით ავადევნეთ”. ინტერვიუ  საინტერესო გამოვიდა. ბატონმა კოსტამ, დინჯად, აუღელვებლად “მოიგერია” ჩვენი “შტურმი”.

ბავშვობის წლებიდან დავიწყეთ: უშუქო და ცივი ქართული ოთხმოცდაათიანი წლები მაინც ლაღ და ნათელ ფერებში მოიგონა, რადგან ბავშვობააო თავად ტკბილი მოგონება. მეოთხესკოლელი ყოფილა და საუბრისას, უდიდესი მადლიერება გამოხატა თავისი პედაგოგების მიმართ.
ინტერვიუს აფხაზეთზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია, რადგან ესეც მისი ბავშვობაა. ამბობს, რომ მისი სამშობლოს ოკუპირებული ნაწილები განსაკუთრებით უყვარს და რა თქმა უნდა, აფხაზეთიც.
უთბილესი იყო მისი საუბარი სტუდენტობაზე, – როგორ იბრძოდა სამი ძმა კაკავა, დამოუკიდებლად თვითდამკვიდრებისთვის, პიროვნებად შედგომისთვის, განათლების მიღებისთვის. მის თბილისურ ცხოვრებას ახლავს მოგონება ბატონი კოსტას სატელევიზიო საქმიანობაზეც,– იყო “იმედში”, “მზეში”, პირველ არხზე… საინტერესო ურთიერთობები აკავშირებს თურმე გადაცემა “ეტალონთან” და მის ავტორთან, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან. არ დაგიმალავთ და, ჩვენი რესპონდენტის პირველი სიყვარულიც ამ წლებს უკავშირდება თურმე, – უფრო ცალმხრივი იყოო ამბობს.
ზუგდიდში დაბრუნებული, საზუგდიდო საქმეების კეთებით კავდება. მოქალაქემ თავად უნდა იზრუნოს მისი ქალაქის განვითარებისთვისო, სწორედ ამ იდეით ყოფილან შეკავშირებული მისი თანამოაზრეები “ცოტნე დადიანის დარბაზში”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ბატონი მერის მოადგილე.
კონსტანტინე კაკავა პროფესიით პოლიტოლოგია. კითხვაზე, თუ არა პოლიტოლოგიაში, სად იქნებოდა? – გვპასუხობს, რომ ძალიან უყვარს თავისი საქმე, მაგრამ თუ არა აქ, აუცილებლად ექიმი გახდებოდა. ფიქრობს, რომ მის დღევანდელ საქმესა და ექიმობას აქვს საერთო და ეს არის ხალხის სამსახური. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხალხს ემსახუროს. მოსწონს, რომ მას და მერიის დღევანდელ გუნდს, მჭიდრო კავშირი აქვთ მოსახლეობასთან.
კონსტანტინე კაკავა მისი ცხოვრების წარმატების ერთ-ერთ საფეხურზეა. წარმატების საიდუმლოც გაგვიმხილა, – ეს არის დღენიადაგ ახლის შეცნობა და ახალი ადმიანების გაცნობა. ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა დავაყენოთ საქმე და შემდგომ ჩვენი ადგილი ამ საქმეში, რადგან საქმე კეთდება მრავალი ადამიანის ერთობლივი, გუნდური მუშაობით და მხოლოდ პირველობაზე ფიქრით ის წინ ვერ წაიწევსო.
საუბრისას, ხშირად იშველიებს ციტატებს დონალდ ტრამპის წიგნიდან “იფიქრე ჩემპიონივით”, სადაც წარმატების წესებზე მიანიშნებს ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტი.
სიამაყით შენიშნავს–ზუგდიდი საინტერესო ქალაქიაო, ყველა ქალაქზე მაგარი და კარგიო, რომელიც კიდევ უკეთესი გახდება მოქალაქეების აქტიური საქმიანობით, რადგან ქალაქს სწორედ მოქალაქეები ქმნიანო.
“სარკმელელ” ჟურნალისტებს, მომავლის ერთ მნიშვნელოვან პროექტზეც მოგვაწოდა ინფორმაცია. ძალიან მალე აშენდება ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკით და სერვისით.
სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, კონსტანტინე კაკავასთვის სამშობლოზე ზრუნვაა, ყოველდღიური შრომა მისი განვითარებისთვის და ჩვენც მოგვიწოდა, რომ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ის პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც შექმნის ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს…
ბატონი კოსტას საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსაურდიაა, გვირჩია, რომ ზოგადად, ყოველდღიურად ვიკითხოთ, რადგან ადვილი შესაძლებელია, დიდობაში, ამისთვის ვერც მოვიცალოთ, არადა, განათლებაა უმთავრესიო.

ჩვენი შეხვედრა ტრადიციული ფოტოთი დასრულდა, სადაც ყველა ერთად ვართ და რომელსაც ფონად გასდევს ძალიან ბევრი სატელეფონო ზარისა და “მესიჯის” ხმა, რომელიც ზუგდიდის მერის მოადგილეს, ერთი საათით, “სარკმელელებმა” გამოავატოვებინეთ.
წარმატებები მას.
ნანო ქოქოსაძე, “ახალი სარკმელი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *