“ვტოვებთ სასახლეს და ვრჩებით სასახლეში”

ისინი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიზარდნენ, მის ოთახებში გათამამდნენ და იპოვეს საკუთარი თავი, მის სცენაზე გაიარეს და გმირებად იქცნენ, სასახლის პედაგოგებისგან შეგულიანებას, სიყვარულს და გამხნევებას გრძნობდნენ მუდამ. სკოლის შემდეგ აქ მოუხაროდათ, მთელი ქალაქის თანატოლები აქ გაიცნეს და თავისნაირები აქ აღმოაჩინეს. პირველი სიყვარულიც აქ გაამხილეს. ცხოვრება ბევრ დეტალს შლის მეხსიერებიდან, მაგრამ მათ სასახლე არასდროს დაავიწყდებათ. და ამბობენ კიდეც “ჩენ მივდივართ სასახლედან, მაგრამ ვრჩებით სასახლეში”, “მაშ, დროებით… არა, ნახვამდის…”

საბა ჯანჯღავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “წარსული სხვაგვარი იყო, გაურკვეველი, მომხიბლავი… წლები, რომლებმაც ტკივილიც მოგვაყენა, მაგრამ ბევრი გვასწავლა. რომ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უხილავი ძაფი უგვზოუკვლოდ გაქრებოდა, სასახლე ყველაფერია, რაც პრიორიტეტულია ახალგაზრდების ცხოვრებაში-სიცელქე, სილაღე, ურთიერთობები, განათლება… მე და სასახლეს რაღაც ენითაღუწერელი ურთიერთობა გვაქს და დიდი სიყვარული გაგვაჩნია, სასახლე ყველაზე ღირებული ადამიანების შეძენაში დამეხმარა. ჩემი მეგობრების, მათთან ერთად გატარებული წლების გახსნება კი ბედნიერების მორევში მაგდებს და ამავდროულად ცრემლიანი თვალებით სრულდება… მიყვარს თითოეული პედაგოგი, თითოეული პიროვნება, რომელმაც რაღაც შთამაგონა, რომელმაც შესძლო და მაჩვენა ის ღირებულებები, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია, ისღა დამრჩენია მათი ყოველი ,,წარმატებები’’,  ,,მე მჯერა შენი’’ სისრულეში მოვიყვანო და ცხოვრების ახალ ეტაპზე იმედები არ გავუცრუო. ძალიან მიყვარხართ!”

ნანო ქოქოსაძე, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: “ჩემი და სასახლის ურთიერთობა თითქმის ოთხ წელიწადს გაგარძელდა. თავიდან იყო მორცხვი ნაბიჯები „სარკმელში“, პირველი ინტერვიუ, ახალი სახეები, შვიდამდე საყმაწვილო ჟურნალი  და ერთ-ერთის რედაქტორობაც… მიხარია, რომ ვიყავი ამ ჯგუფის ნაწილი, სასახლესთან ერთად ვიმოგზაურე: ბორჯომში, რაბათში, ვარძიაში, ყვარელში, ვანში, ვარიანში, სვანეთსა და შეკვეთილში. ვიყავი „მედია ფესტივალი 2017“-ისა და „მედია ფესტივალი 2019“-ის მონაწილე, „ფენმარათონი” 2017-2018-2019-ის მონაწილე და ვგეგმავ „ფენმარათონი2020“-ში მონაწილეობასაც.  ვმონაწილებდი „ნორჩი მკვლევარი 2017“-სა და ნორჩი „მკვლევარი 2019“-ში. სასახლემ მომცა უდიდესი გამოცდილება, გამაცნო ახალი ადამიანები და შევიძინე შეუცვლელი მეგობრები. მივდივარ ცხოვრების ახალ გზაზე და სასახლიდან მიმყვება სიყვარული და სითბო, რაც ყოველთვის, ისევ მომიზიდავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისკენ”.

ლაზარე ლაშხია, წმ.გიორგის სახელობის გიმნაზია, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “დადგა დღე, რომელსაც 12 წელი ველოდი, თუმცა მრჩება სიცარიელის განცდა, რომელიც ჩემს მოგონებებთან ასოცირდება. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სკოლა, მეგობრები ეს ყოველივე ჩემთვის დაუვიწყარია… იმედი მაქვს, ისინიც არასდროს არ დამივიწყებენ და მჯერა, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებიან.”

კესო ფირცხელავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, თეატრალური სტუდია “შთამომავლები”: “მივდივარ სასახლიდან” და მიმაქვს უდიდესი გამოცდილება, რომელიც მაჩუქა ამ მნიშვნელოვანმა ადგილმა. მადლიერი ვარ სიყვარულისთვის, ბედნიერებისა და ცოდნისთვის, რომლის უშრეტი წყაროები არიან ჩვენი რეჟისორი, ქალბატონი ნონა ტოტოჩავა და იქ შეძენილი უმნიშვნელოვანესი მეგობრები”.

ნიკა კუჭავა, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”: ,,დრო მიდის, კადრები კი რჩება’’,- ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, არსებობს ერთი ნათელი სურვილი, რომელიც ნოსტალგიით, ამავე დროს კი, სიამაყითაც მავსებს, ესაა მოსწავლე ახალგაზროდბის სასახლეში დაბრუნება. მოგონებები, რაც იქ გატარებული დროის მანძილზე დავაგროვე, მუდამ მემახსოვრება, როგორც ლამაზი დღე ყველაზე მრავალფეროვან სამყაროში, რომელმაც იცის როგორ გასწავლოს სიყვარული, შეგძინოს გამოცდილება მრავალმხრივ და შეიტანოს წვლილი შენს პიროვნულ განვითარებაში. ალბათ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ეს სიტყვაც კი ცოტაა იმის სამადლობელად, თუ რამხელა გარდაქმნა მოხდა ჩემში ჩემი სასახლეში მოსვლის პირველი დღიდან. ბევრი გავიცანი, ბევრთანაც დავახლოვდი, იყო არშემდგარი ურთიერთობებიც, მაგრამ სასახლესთან მიმართებაში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია. თუკი სასახლის რომელიღაც ერთ კუთხეში ჩემი სახელი და გვარი წერია, სიამაყით ჩემი თავის მიმართ კი არ ვივსები, არამედ სასახლის მიმართ, რადგან იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ასეთ პიროვნებად მაქცია, აღმოაჩინა ჩემში ის, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი. ამიტომაც, ეს მოგონებები გულში იმხელა სიხარულს მიტოვებენ, რომ თითქმის შეუძლებელია მისი რამით გადაფარვა, იგი თითქოს სამარადისო, უცვლელი აღმოჩენაა,
რომელიც აუცილებლად უნდა გამომეცადა”.

სესილი ალშიბაია, მეშვიდე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი” : “მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველაზე საჭირო დროს მოხვდა, მაშინ, როცა ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ისწავლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა და მიზნების სწორად დასახვა. ჟურნალისტთა კლუბი „სარკმელი“ ჩემთის არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად შევძელი განმევითარებინა საკუთარი „მე“. მივდივარ სასახლიდან-მოგონებებით, გამოცდილებითა და თავდაჯერებულობით სავსე…”

ალექსანდრე ფიფია, მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დიდ ოჯახს დაწყებით კლასებში შევუერთდი. პირველად, ქალბატონი ჯენეტი ქვარცხავა გავიცანი. ჯენეტი მასწავლებელი დამეხმარა საკუთარ თავში მოაზროვნე მეპოვნა და შესვლიდან მალევე მეც ჩავერთე ,,რა? სად? როდის?” თამაშებში, დღესაც ვთვლი, რომ სწორედ ამ თამაშებმა შესარულეს  უმნიშვნელოვანესი როლი ჩემი ცხოვრების გზის არჩევაში. შემდეგ კი, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” შესახებ შევიტყვე და მალევე გადავწყვიტე მათ შევერთებოდი. სიუჟეტების მომზადება და ჟურნალისტური საქმის შესწავლა იმდენად სასარგებლო იყო, რამდენადაც საინტერესო. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი “სარკმელის” გაკვეთილებს, რომელიც ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანი მოსიძის წყალობით გაკვეთილთან შედარებით ნაკლებად ფორმალური და გაცილებით საინტერესო იყო. ვიფიქრე, კიდევ სად შეიძლებოდა საინტერესო გამოცდილების მიღება და სასახლის კომპლექსურობით მონუსხულმა, გადავწყვიტე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ,,დრამატულ სტუდიაში” გავწევრიანებულვიყავი, ნონა ტოტოჩავას პედაგოგობით ამ მეტად საინტერესო და თბილ სივრცეში ძალიან ბევრი თეატრალური, თუ ცხოვრებისეული დეტალი ვისწავლე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სითბო და წარმატება მისი დირექტორის ქალბატონ ნინელი ჭითანავას დამსახურებაა, იგი საკმაოდ თბილი პედაგოგიცაა და მიხარია რომ მეც მეხმარებოდა მხატვრული კითხვის ხელოვნების დაუფლებაში. სამწუხაროდ, ჩემს ქალაქს და მასთან ერთად ჩემს სასახლეს ვშორდები… თავს იმით ვინუგეშებ, რომ დროებითია და ყველა პედაგოგს, თუ მოსწავლეს, ვისთან ერთადაც საკმაო დრო გავატარე, კვლავ შევხვდები… სიტყვა კი გამიგრძელდა მაგრამ უფრო მოკლედ ვერ შევძელი… მაშ, დროებით… არა, ნახვამდის.”

  • წინ ბევრი საოცარი და ნაოცნებარი წამი გელოდებათ. ბევრჯერ იტყვით, რომ ცხოვრება მშვენიერია.  ჩვენ მუდამ გელოდებით შინ-სასახლეში, მზად ვართ, ყოველთვის მოვისმინოთ მოთხრობები თქვენს ახალ ცხოვრებაზე. სასახლე და სასახლელები გზას დაგილოცავთ.

“სარკმელელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *